გიული ჩოხელი

“ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“

გიული ჩოხელი 1935 წლის 12 თებერვალს დაიბადა და ის საბჭოთა საქართველოში პირველი ჯაზ-მუსიკოსია. 

ჯაზ-სამყაროში პირველად 1953 წელს შეაბიჯა, მაშინ, როდესაც ეს საბჭოთა საქართველოში აკრძალული იყო. წვდომა არც უცხოურ მუსიკაზე ჰქონია, დიდ სცენაზეც მსგავს ჟანრს არ უშვებდნენ. თუმცა ეს დაბრკოლება გახდა მოტივაცია მუსიკოსებისთვის, მოეძებნათ ისეთი სივრცე, სადაც თავიანთ რეპერტუარს შეასრულებდნენ. სწორედ ამიტომ, ჯაზმა გადაინაცვლა პატარა კლუბში სახელად „საბაჩი პერეულოკ“. მხოლოდ აქ შეეძლოთ ჯაზის მოყვარულებს თავშეყრა, ცეკვა და შექმნილი ნამუშევრების გაზიარება. 

1956 წელს გიული ჩოხელი მუსიკოს – ბორის რიჩკოვს გაჰყვა ცოლად და ერთობლივი ძალებით დაიწყეს ჯაზის განვითარება საქართველოში. თუმცა ამ პერიოდშიც, ეს აქტივობები დიდი სცენის გარეშე მიმდინარეობდა. მათ მიერ ჩამოყალიბებულ ჯაზ-ტრიოს მხოლოდ სახალინზე ან მაგადანში ამღერებდნენ, აქ მსმენელები, ძირითადად, კონცერტებს მონატრებული ყოფილი პატიმრები იყვნენ.

გიული ჩოხელი ქართული ესტრადის სიმღერებსაც ასრულებდა, თუმცა, როგორც თვითონ იხსენებს, მისი რეპერტუარი ბოლომდე კონტროლდებოდა, არ ჰქონდა ინტერპრეტაციის საშუალება, მის მიერ შესრულებული რუსული სიმღერები მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ქართული – მსგავსი შეზღუდვები კი ჯაზ-მუსიკოსისთვის ძალიან რთულია.

მაშინ, როდესაც საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა გიული ჩოხელმა და მისმა მეუღლემ, ჯგუფ “ჩანგისთან” ერთად ევროპის ტურიც კი მოაწყვეს, თუმცა ამ მოგზაურობის არც ერთი კადრი შემორჩენილი არაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც ბევრი ჩამწერი სტუდია ამბობდა უარს ჯაზ-კონცერტების ჩაწერაზე, სწორედ ამიტომ გიული ჩოხელის ძალიან ცოტა ფირფიტაა შემორჩენილი.

საბოლოოდ, გიული ჩოხელისთვის სასურველი სივრცე ჯაზის შესასრულებლად მაინც პატარა სცენა რჩება:

“მე უნდა ვხედავდე მაყურებლის თვალებს, მათ რეაქციას“

გიული ჩოხელი

როგორც მუსიკოსი ამბობს, იმიტომ ვერ იმეროებს სხვა მის სტილს, რომ იგი გულიდან მღერის და ამასვე ურჩევს სხვა მუსიკოსებსაც, რომ იპოვონ საკუთარი ხმა და თავისებურად, სახასიათო სტილში იმღერონ. 

ბევრმა არ იცის, რომ გიული ჩოხელი 86 წლის ასაკშიც წერს ლექსებს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში) და 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა.

Call Now Button