ეკატერინე გაბაშვილი

მის სახელს უკავშირდება როგორც საბავშვო მოთხრობები, მათ შორის კლასიკა – “მაგდანას ლურჯა”, ისე საქველმოქმედო და ფემინისტური აქტივობები.დედის გარდაცვალების შემდეგ, ეკატერინე გაბაშვილი გორში, ბებიასთან – ბარბარესთან იზრდებოდა, რომელსაც საკმაოდ მკაცრი და რადიკალური ხედვა ქონდა ეკატერინეს აღზრდასთან დაკავშირებით. მას მიაჩნდა, რომ ქალისთვის ფართო განათლების მიღება სულაც არ იყო საჭირო და წერა-კითხვა და დიასახლისობაც საკმარისი იყო. აკრძალვის და უსახსრობის მიუხედავად, ეკატერინე თვითგანათლებით იყო დაკავებული. გაეცნო რუსულ და უცხოურ ლიტერატურას. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ის ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა. გორიდან თბილისში გადმოსვლისას ის დაუახლოვდა ისეთ მნიშვნელოვან მოღვაწეებს, როგორებიც არიან: ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მისსავე სახლში მოაწყო ჭრა-კერვის შემსწავლელი ქალთა სკოლა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც ასწავლიდნენ. ეკატერინე დაწესებულებას 15 წელი ხელმძღვანელობდა. იყო ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. აქტიური მოღვაწეობის მიუხედავად, მან წარმატებით აღზარდა 11 შვილი და შესაძლოა, სწორედ მისმა ოჯახმა შთააგონა ეკატერინე დაეწერა საბავშვო ლიტერატურა, სადაც ხშირად ვხვდებით აღმზრდელობით ამოცანებს.

მას დიდი დამსახურება აქვს ქართული საბავშვო  მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ “ჯეჯილის” გამოცემის ერთ-ერთი  ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი…

ეკატერინე გაბაშვილი 1938 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Call Now Button