ელენე დარიანი-ბაქრაძე

ცისფერყანწელების საიდუმლო, მე-13 წევრი

elene dariani-bakradze

პოეტი 1897 წელს, თბილისში დაიბადა. თავდაპირველად, მისი ლექსები პაოლო იაშვილის “დარიანული ციკლის” სახელწოდებით გამოჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლექსებში ხაზგასმული სითამამის, “ეროტიული გრძნობებისა” და “ქალის ბუნებასთან შეუთავსებელი სურვილების” გამო, მისი პოეზია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და საზოგადოებამ უგემოვნოდაც შერაცხა. ამის მიზეზი საქართველოში არსებული იდეოლოგია და პატრიარქალური ღირებულებები იყო.

თუმცა ელენეს მოღვაწეობა არ დაუსრულებია, 1916 წელს ქუთაისში სიმბოლისტ პოეტების გაერთიანება – ცისფერყანწელების ორდენი  ჩამოყალიბდა და არსებობს მოსაზრება, რომ ელენე ბაქრაძე ორდენის საიდუმლო მე-13 წევრი იყო. 

დღეისათვის ელენე ბაქრაძის პოეზია არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ქალის გადმოსახედიდან იმ დროისათვის ძალიან ხელშეუხებელ, ტაბუდადებულ და განდევნილ თემაზე – ქალის ლტოლვებზე გვიამბობს.

პირამიდები

იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

Call Now Button