თამარ აბაკელია

„რამდენ ძალას ვგრძნობ ჩემში. პირობები რომ მქონდეს, მას ჩემს უმთავრეს საქმეს, ქანდაკებას შევალევდი” – წერდა თამარ აბაკელია საყვარელ საქმიანობაზე.

მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი მოიაზრება ერთ-ერთ პირველ ხელოვანად, რომელმაც საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას შეუწყო ხელი.

თამარ აბაკელია 1905 წელს ხონში დაიბადა. თავდაპირველად მისი შემოქმედება ჩანახატებით იწყება, მისი შთაგონების წყარო იმერეთისა და გურიის ლანდშაფტები იყო, რაც მის ნაშრომებშიც კარგად ჩანს. 

მოქანდაკეობა 18 წლისამ სამხატვრო აკადემიაში დაიწყო და მისი შემოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ცნობილმა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ თამარს ფორმის შეგრძნების განსაკუთრებული უნარი შენიშნა და თავის სახელოსნოში წაიყვანა. მისი ნაშრომით აღფრთოვანდნენ მოსე თოიძე და კოტე მარჯანიშვილიც.

24 წლის ასაკში აქტიურად ჩაერთო თეატრის საქმიანობაში და მალევე შექმნა ესკიზები “კარმენის” საოპერო დადგმისთვის.

მისი შემოქმედებაში განსაკუთრებით გამორჩეული ქალი პერსონაჟები არიან, რომლებიც იმ დროისათვის გავრცელებული საბჭოთა ქალის იმიჯისგან რადიკალურად განსხვავდებიან.

ასეთი ნამუშევრების მაგალითებია: ილუსტრაციები “ვეფხისტყაოსანისთვის” და ომის პერიოდში შექმნილი ქანდაკება “შურისძიება” – ქანდაკებაში ქალი არ გვევლინება მსხვერპლის სახით (რაც ამ დროისთვის სახასიათო იყო), აბაკელიას “შურისმაძიებელი” ქალი ძლიერია და თავად უწევს მტერს წინააღმდეგობას.

თამარ აბაკელია 1953 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შურისძიება

Call Now Button