კატო მიქელაძე

კატო 1878 წელს ქუთაისში დაიბადა,1910 წელს ბრუსელში სწავლობდა და სწორედ იქ დაინტერესდა ფემინიზმით, სამშობლოში დაბრუნებული კი აქტიურად ატარებდა საჯარო ლექციებს ქალთა უფლებებზე.

დააარსა ქალთა პოლიტიკური კლუბი და მალევე გამოსცა პირველი ფემინისტური გაზეთი საქართველოში – “ხმა ქართველი ქალისა”.

კატოს მთავარი ინტერესი ქალთა უფლებები იყო, იგი აკრიტიკებდა პატრიარქალურ სისტემას, ძალაუფლების არათანაბარ გადანაწილებას, მამაკაცთა პრივილეგიებს და ქალთა დაქვემდებარებულ მდგომარეობას. გაზეთის ძირითადი თემატიკაც სწორედ ეს იყო. 

კატო გამოსავალს ქალების ერთობაში ხედავდა და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა: 

“ქალებო! ებრძოლეთ ადამიანის პიროვნების გამთელავ მოვლენას და ყველაზე მეტად თქვენ საკუთარ გაჭირვებას, შეერთდით! შეერთდით თავმოსაგერიებლად, შეერთდით თავისუფლების დასაცველად, შეერთდით ორგანიზაციულად!… ეცადეთ თვით იყოთ ჭეშმარიტი მეგობრები თავისუფლებისა და დამცველი სამართლიანობისა! მოითხოვეთ გამოსვლა საზოგადო ასპარეზზე, ჩაებით საზოგადო ორგანიზაციების საქმეში!… კმარა ძილი! კმარა უმოქმედობა!” 

კატო ქალ მწერლებსაც უჭერდა მხარს და ფემინისტური სტატიების გარდა, მხატვრულ ტექსტებსაც აქტიურად აქვეყნებდა საკუთარ გაზეთში. 

გასაკვირი არ არის, რომ იმდროინდელი რეჟიმი გმობდა მსგავს აქტივობებს, მალე მისი გაზეთიც დაიხურა და საბჭოთა ხელისუფლებამ კატო, როგორც ფემინისტი და აქტივისტი მოკვეთა საზოგადოებიდან. 

კატოს ლიტერატურული საქმიანობის გაგრძელება სურდა, თუმცა საბჭოთა რეჟიმი არც ამის საშუალებას არ აძლევდა. ბოლშევიკურმა ეპოქამ კატო მიქელაძისა და მისი თანამოაზრეთა იდეები “ბურჟუაზიულ გარყვნილებად” შერაცხა.

თუმცა, კატოს მოსაზრებები დღემდე ფასეულია და არ კარგავს აქტუალობას.

კატო მიქელაძე 1942 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Call Now Button